ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქართული ოცნების პროპაგანდისტული ინიციტივა რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა.
მისი თქმით, მმართველი ძალა საუბრობს ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც მოქალაქეებს აწუხებთ.
"გაზრდილი ფასები, სიღარიბე, უმუშევრობა, ეს არის ის რეალური პრობლემები, რაზეც უნდა საუბრობდეს, ზრუნავდეს და რის გადაჭრასაც უნდა ცდილობდეს ივანიშვილის პარტია მაგრამ, ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ მუდმივად ამ უმნიშვნელოვანესი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას... საჭიროა იმგვარი ინიციატივების შემოტანა პარლამენტში, რომელიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას, ისინი საუბრობენ ყველაფერზე, რაც პრობლემურია საქართველოს მოქალაქეებისთვის", - თქვა ბოკუჩავამ.
***
გუშინ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დასაცავად" კანონპროექტს ამზადებენ. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ ისინი უნდა დაუპირისპირდნენ "არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას" და ისეთი მაგალითები მოჰყავს, რომელიც სრულად ემთხვევა რუსული პროპაგანდის ნარატივს.
მდინარაძეს არ აუხსნია რას მოიცავს საკანონმდებლო ჩარჩო, თუმცა მისი რიტორიკიდან გამომდინარე, ეს შეგვიძლია დავუკავშიროთ რუსეთსა და უნგრეთში არსებულ ანტი-ლგბტ კანონებს.